четверг, 5 марта 2020 г.

კახაბერ ჭაკვეტაძის რჩევები გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით



      როგორც მოგეხსენებათ გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკა ცხრა კომპონენტისაგან შედგება და თქვენი მოვალეობაა, თითოეულ კომპონენტში რაც შეიძლება მაღალი შეფასება დაიმსახუროთ. მე შევეცდები მოკლე განმარტებები მოგცეთ თითოეული კომპონენტის შესახებ, რათა უფრო მარტივად შეძლოთ სასურველი შედეგის მიღწევა.

     პირველ რიგში, ეცადეთ მოსწავლე აღიქვათ თქვენს პარტნიორად, თანასწორად.იყავით აქტიური მსმენელი და შეაქეთ მოსწავლის ყოველი მცდელობა აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.განსხვავებულ აზრს ეცით პატივი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის თქვენთვის. გააკრიტიკეთ მოსაზრებები და არა პერსონები.

      კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენება ერთ ერთი მთავარი პრობლემაა დღეს საკლასო სივრცეში.(და როცა ეს თვალნათელია გარე დაკვირვების გაკვეთილის დროს, ხომ მარტივი წარმოსადგენია რა ხდება, როცა საკლასო ოთახში მხოლოდ მასწავლებელი და მოსწავლეა).ამიტომ ეცადეთ კლასში მოსწავლეთა ქცევის წესები არ გამოიყენოთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე და ამას რეგულარული ხასიათი ჰქონდეს. უმეტესად გამოიყენეთ არავერბალური კომუნიკაცია, რითაც შეძლებთ აირიდოთ დროის ფუჭად ხარჯვა. (აქ შეგახსენებთ თვითშეფასების კითხვარს, თუ რა კარგად იყო ჩამოყალიბებული კლასის მართვის სტრატეგიები და ჩვენ უმეტესად არც ვკითხულობდით ისე ვხაზავდით 4 ქულას).

      სასწავლო რესურსი შეარჩიეთ წინასწარ გაკვეთილის თემის შესაბამისად. თუ რესურსი ელექტრონულია, გაითვალისწინეთ რომ ელექტრო ხელსაწყომ ან ელექტრო ენერგიამ შეიძლება ნებისმიერ დროს შეგიქმნათ პრობლემა.სასწავლო რესურსის შერჩევის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე. იგი არ უნდა შეიცავდეს ძალადობას ან ზიანს არ უნდა აყენებდეს მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. (გაკვეთილზე შეიძლება გვყავდეს მოსწავლე კონფლიქტის ზონიდან ან/და მოსწალის ახლობელი მონაწილეობდეს/დაღუპული იყოს კონფლიქტის მიმდინარეობის დროს). შეეცადეთ სასწავლო რესურსის მომზადების დროს გაითვალისწინოთ თქვენი მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები.

         მოსწავლეებს განუმარტეთ (ასევე ვიზუალურად აჩვენეთ) გაკვეთილის თემა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგები და დაგეგმილი აქტივობებიეცადეთ გაკვეთილის მიზანი იყოს კონკრეტული, გაზომვადი, რისი განხორციელების საშუალებაც თქვენ გექნებათ 45 წუთის განმავლობაში. თემებს შორის დაამყარეთ ლოგიკური კავშირი და შეეცადეთ კავშირი იყოს ასევე საგნებს შორის.ისაუბრეთ მარტივი, გასაგები ენით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ დარგობრივი ენის ეფექტურად გამოყენება. მოსწავლეებს განუმარტეთ ცნებები/ტერმინები და შემდეგ დაინტერესდით, რამდენად გასაგებია ეს მოსწავლეებისთვის. ახალი მასალა გაამდიდრეთ დამატებითი, საინტერესო, მეცნიერულად გამართული ინფორმაციით. არ შეგეშინდეთ მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომის/შეცდონების. ეცადეთ შეცდომა თვით მოსწავლემ/ან სხვა მოსწავლემ გაასწოროს და თუ ეს ვერ მოხერხდა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერიოთ თქვენ.

        ეცადეთ მოსწავლებისთვის მიცემული ინსტრუქციები იყოს მკაფიო, ნათელი და მოსწავლეებისთვის ადვილად აღსაქმელი. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენეთ ადაპტირებული, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული ინსტრუქციები (.. „სარეცხი ფხვნილისეფექტი-ანუ ინსტრუქციები გადმოეცით კომიქსებით). საუბრის დროს ყურადღება მიაქციეთ თქვენს ინტონაციას, ეცადეთ არ ინერვიულოთ, რადგან ეს უკანასკნელი პირდაპირ აისახება თქვენი მოსწავლეების ქცევაზე.

    გაკვეთილზე ძირითადად გამოიყენეთ ღია კითხვები. (მაპროვოცირებელი, შემაჯამებელი და ..) კითხვები, რომლებიც მოითხოვს აზროვნებას და არა მზა პასუხს. (თუ მოსწავლეს ეტყვით, რომ მოიფიქროს შეკითხვაზე პასუხი მიეცით მას მოსაფიქრებლად ადექვატური დრო). ძირითადაიძულეთმოსწავლეები იფიქრონ, იმსჯელონ და ამის შემდეგ გამოიტანონ ადექვატური დასკვნები.ეცადეთ მოსწავლემ დაასრულოს პრეზენტაცია ან მსჯელობა და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთოთ თქვენ. არ შეგეშინდეთ აქტივობების სახეცვლილების, თუ ამის საჭიროებას დაინახავთ გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე. მთავარია, მოსწავლე/მოსწავლეებმა თემა გაიგონ და შესაბამისად გახვიდეთ გაკვეთილის მიზანზე.

      გაკვეთილზე გამოყენებული შეფასება უნდა იყოს გაკვეთილის მიზნის და დაგეგმილი სტრატეგიების შესაბამისი. თუ თქვენი მიზანია მოსწავლეების მიერ დასკვნების გამოტანა სავარაუდოდ დაგჭირდებათ დისკუსიის შეფასების რუბრიკა, ხოლო თუ იყენებთ ჯგუფურ მუშაობას და ეს არის თქვენი გაკვეთილის ერთ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, მაშინ დაგჭირდებათ ჯგუფური მუშაობის რუბრიკა. გახსოვდეთ, რომ როგორც განმსაზღვრელ შეფასებას სჭირდება რუბრიკა, ასევე უნდა შესაბამისი რუბრიკა განმავითარებელ შეფასებას. თქვენი უკუკავშირი უნდა იყოს სპეციფიკური და მისი მიზანი უნდა იყოს მოსწავლის სწავლის შედეგის გაუმჯობესება (და არა დასჯა).

   განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გაკვეთილის რეფლექსიასგაანალიზეთ თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილი, დაასაბუთეთ თუ რატომ გამოიყენეთ ესა თუ ის აქტივობა, როგორ დაგეხმარათ სასწავლო სტრატეგიები გაკვეთილის მიზნის მიღწევაში.თუ მოახდინეთ გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება დაასაბუთეთ რით იყო ეს განპირობებული.გამოყავით გაკვეთილის ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები და დასახეთ გზები მათ გასაუმჯობესებლად.(და ნუ დაწერთ, რომ თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილი იყო ცოდნის ზეიმი!!!)

გისურვებთ წარმატებებს!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий